Posted on

მაპატიეთ, თარო ჩამომივარდა

ბანალური დასაწყისი- ჩემი პირველი წიგნი ბიძია თომას ქოხი იყო თუ არ ჩავთვლით მანამდე წაკითხულ მსოფლიო ზღაპრების სერიებს. მახსოვს ვტიროდი და მციოდა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ქუთაისური აგვისტო იდგა. ამას მოჰყვა, მაინ რიდი, ასტრიდ ლინდგრენი, ჟიულ ვერნი, დიკენსი და ა.შ.

სულ მინდოდა რომ ძილის წინ ჩემთვისაც წაეკითხათ წიგნები მშობლებს მაგრამ 90 -იანებში ამისთვის რატომღაც არავის ეცალა.წლების მანძილზე სანთლის შუქზე გვიანობამდე ვკითხულობდი, ვმოგზაურობდი  და  მივდიოდი აღმოჩენებზე, ახლა ის წლები ძალიან კარგად მახსენდება და ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ რომ მე ეს ყველაფერი მქონდა და მაქვს…

12 წლიდან ჩემ ცხოვრებაში დაიწყო რთული პერიოდი, როცა გავუცხოვდი და ჩავიკეტე, სახლი, შიგადაშიგ სკოლა და ბიბლიოთეკა, აი მთელი ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იმ დროისთვის. მახსოვს მეცხრე კლასში ჩემი თავხედური საქციელი როცა ქართულის მასწავლებელს უარი ვუთხარი ვეფხისტყაოსნის პროლოგის მოყოლაზე იმ მოტივით რომ ”თქვენი ახსნილი ვეფხისტყაოსანი არ მომწონს, მეორეც ზუთხვა არ შემიძლია და ეგეც არ იყოს ‘’ჰარი მორგანს’’ ვკითხულობ და ხელს მიშლითთქო”.რა თქმა უნდა გამომაგდო გაკვეთილიდან და დღეს უკვე ჩემი ატესტატიდან თავმომწონდეც იცქირება ერთადერთი სამიანი რომელიც რა თქმა უნდა მეცხრეკლასელია 🙂 მიხარია, რომ მაშინ ქალაბტონი ქეთევანის ახსნილი ფეხსიტყაოსანი არ მოვისმინე და არ ვისწავლე, თორემ სამუდამოდ ჩავეწერებოდი მის იმ მსხვერპლთა რიგებში რომლებიც ვერ იტანენ ამ გენიალურ პოემას და მხოლოდ იმიტომაა იგი ‘’ძლიერი’’  რომ ქართულია და შოთააა რა 🙂

ვინ არიან ისინი რომელთაც ხშირად, ორჯერ, სამჯერ და მეტჯერაც კითხულობთ? ჩემთვის დოსტოევსკი, კაფკა და რუსთაველია ასეთი, რუსთაველი ყველა ამინდში იკითხება თან ნებისმიერ დროს. დოსტოევსკის კიდევ განწყობა სჭირდება, კაფკას მხოლოდ შემოდგომობით ვკითხულობ, როცა გარეთ ცივა და მე ჩაის ვსვამ თან ფეხები ფანჯრის რაფაზე მაქვს შემოდებული და  აბსოლუტურ სიმშვიდეს ვგრძნობ, აი მხოლოდ ამ დროს ვართ მხოლოდ ჩვენ მე და კაფკა…

ორი დღის წინ თვალი გადავავლე ჩემ ბიბლიოთეკას და აღმოვაჩინე რომ ამდენ ბიჭებში მხოლოდ ორი გოგო მყავს, სიმონა დე ბოვუარი და ანა კორძაია-სამადაშვილი, გული დამწყდა და მომინდა რომ უფრო მეტი ‘’გოგო’’ მყავდეს თაროებზე, რომლებიც სამწუხაროდ ერთი თვის წინ ტრაგიკულად ჩამოვარდნენ ვეღარ გაუძლეს დატვირთვას და ესპანური ენის ლექსიკონი და რასელი ‘’შეიწირეს’’, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შევიძენ საკადრის წიგნის სათავსოებს სადაც თავს კარგად იგრძნობენ როგორც ისინი ასევე მეც მათი მოყვარული 🙂

 

 

 

1 responses to “მაპატიეთ, თარო ჩამომივარდა

  1. beatniks

    დიდი მადლობა 🙂 ჩვენს ბლოგზეა თქვენი პოსტი 🙂

დატოვე კომენტარი