მაპატიეთ, თარო ჩამომივარდა

ბანალური დასაწყისი- ჩემი პირველი წიგნი ბიძია თომას ქოხი იყო თუ არ ჩავთვლით მანამდე წაკითხულ მსოფლიო ზღაპრების სერიებს. მახსოვს ვტიროდი და მციოდა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ქუთაისური აგვისტო იდგა. ამას მოჰყვა, მაინ რიდი, ასტრიდ ლინდგრენი, ჟიულ ვერნი, დიკენსი და ა.შ.

სულ მინდოდა რომ ძილის წინ ჩემთვისაც წაეკითხათ წიგნები მშობლებს მაგრამ 90 -იანებში ამისთვის რატომღაც არავის ეცალა.წლების მანძილზე სანთლის შუქზე გვიანობამდე ვკითხულობდი, ვმოგზაურობდი  და  მივდიოდი აღმოჩენებზე, ახლა ის წლები ძალიან კარგად მახსენდება და ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ რომ მე ეს ყველაფერი მქონდა და მაქვს…

12 წლიდან ჩემ ცხოვრებაში დაიწყო რთული პერიოდი, როცა გავუცხოვდი და ჩავიკეტე, სახლი, შიგადაშიგ სკოლა და ბიბლიოთეკა, აი მთელი ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იმ დროისთვის. მახსოვს მეცხრე კლასში ჩემი თავხედური საქციელი როცა ქართულის მასწავლებელს უარი ვუთხარი ვეფხისტყაოსნის პროლოგის მოყოლაზე იმ მოტივით რომ ”თქვენი ახსნილი ვეფხისტყაოსანი არ მომწონს, მეორეც ზუთხვა არ შემიძლია და ეგეც არ იყოს ‘’ჰარი მორგანს’’ ვკითხულობ და ხელს მიშლითთქო”.რა თქმა უნდა გამომაგდო გაკვეთილიდან და დღეს უკვე ჩემი ატესტატიდან თავმომწონდეც იცქირება ერთადერთი სამიანი რომელიც რა თქმა უნდა მეცხრეკლასელია 🙂 მიხარია, რომ მაშინ ქალაბტონი ქეთევანის ახსნილი ფეხსიტყაოსანი არ მოვისმინე და არ ვისწავლე, თორემ სამუდამოდ ჩავეწერებოდი მის იმ მსხვერპლთა რიგებში რომლებიც ვერ იტანენ ამ გენიალურ პოემას და მხოლოდ იმიტომაა იგი ‘’ძლიერი’’  რომ ქართულია და შოთააა რა 🙂

ვინ არიან ისინი რომელთაც ხშირად, ორჯერ, სამჯერ და მეტჯერაც კითხულობთ? ჩემთვის დოსტოევსკი, კაფკა და რუსთაველია ასეთი, რუსთაველი ყველა ამინდში იკითხება თან ნებისმიერ დროს. დოსტოევსკის კიდევ განწყობა სჭირდება, კაფკას მხოლოდ შემოდგომობით ვკითხულობ, როცა გარეთ ცივა და მე ჩაის ვსვამ თან ფეხები ფანჯრის რაფაზე მაქვს შემოდებული და  აბსოლუტურ სიმშვიდეს ვგრძნობ, აი მხოლოდ ამ დროს ვართ მხოლოდ ჩვენ მე და კაფკა…

ორი დღის წინ თვალი გადავავლე ჩემ ბიბლიოთეკას და აღმოვაჩინე რომ ამდენ ბიჭებში მხოლოდ ორი გოგო მყავს, სიმონა დე ბოვუარი და ანა კორძაია-სამადაშვილი, გული დამწყდა და მომინდა რომ უფრო მეტი ‘’გოგო’’ მყავდეს თაროებზე, რომლებიც სამწუხაროდ ერთი თვის წინ ტრაგიკულად ჩამოვარდნენ ვეღარ გაუძლეს დატვირთვას და ესპანური ენის ლექსიკონი და რასელი ‘’შეიწირეს’’, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შევიძენ საკადრის წიგნის სათავსოებს სადაც თავს კარგად იგრძნობენ როგორც ისინი ასევე მეც მათი მოყვარული 🙂

 

 

 

მიყვარხარ მაგრამ პაროლებს ვერ გეტყვი ;)

დავიღალე!

მგონია რომ ვწერ მეგობარს და საუბრის ბოლოს აღმოჩნდება რომ მის შეყვარებულს (არ მომწონს ეს სიტყვა) ვესაუბრე და ვუთხარი თუნდაც ორი სიტყვით ის არსებითი რაც მინდოდა მისთვის(მეგობრისთვის) მეთქვა. ჰო და დავიღალე უკვე, მართლა – მართლა, ერთია რომ გიყვარს ადამიანი, სექსი გაქვს მასთან მაგრამ შენი პირადი სივრცე? პაროლი ჩემთვის ძალიან ინტიმური და ჩემია, დავიჯერო მარტო ჩემთვისაა ასე?

მეც მიყვარს თან ძალიან, მაგრამ ვერა საყვარელო- პაროლებს ვერ გეტყვი და არც შენი მაინტერესებს :*

TV

ბოლოს როდის უყურეთ ტელევიზორს?

უკვე წლებია ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ, ვიცი რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე. სამწუხაროა თუ სასიხარულო ეს ფაქტი ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია, ალბათ უფრო სასიხარულო, რადგან იყო ქართული მედიაპროდუქტის მომხმარებელი ნიშნავს ირეცხავდე ტვინს საკუთარი ნებით, იყო ბედნიერი და ჭამდე ხინკალს…

რატომ მიყვარს უბედური ადამიანების ცქერა?

ზაფხულში, აბასთუმანში ყოფნისას დავიჭირე საკუთარი თავი იმაში რომ უბედური ადამიანების ცქერა და მათი ერთგვარი დამუღამება, ძებნაც კი ჩემი ჰობია, ამან ისე შემძრა რომ მთელი ღამე აივანზე გავატარე უშედეგოდ, თუმცა რატომ დილით უკვე სურდოიანმა სიცოცხლეში პირველად დავწყევლე საკუთარი თავი უგნურების გამო…

ბედნიერი ადამიანის ცქერა წამიერ სიმშვიდეს მანიჭებს და მერე სიმჩატისა და აბსურდულობის შეგრძნება მჭამს ხოლმე , აი უბედური ადამიანის ყურება  ეს უკვე საინტერესოა და ამ პროცესს აზრს სძენს, რომელიც არ მთრგუნავს პირიქით მიხანგრძლივებს სიამოვნებისა და ტკბობის პროცესს. მიუხედავად ამისა მაინც ვერ  გამირკვევია მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები. იქნებ მოდად ქცეული გულჩათხრობილი და დეპრესა ტიპი ვარ რომლისთვისაც სამყარო მხოლოდ სტილი და აქსესუარია? ან ბედნიერი მჩატე არსება რომელსაც სექსისა და სიმსუბუქის მეტი არაფერი აინტერესებს და ადარდებს? მოკლედ-დავიბენი და გადავწყვიტე რომ არ ვარსებობ! მაგრამ ეჰჰ…

ტრიერი = იდიოტებ-’’კრეტინები’’ =ვაი ჩვენს პატრონს

XXI საუკუნეში ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში მექანიკური, უემოციო გახდა შეზღუდვებისა და ნორმების გამო, რომელსაც მატერილურად  უზრუნველყოფილი ცხოვრება მოითხოვს მათგან. გამოდის რომ ადამიანი ჯერდება იმას რაც საჭიროა და არა იმას რაც უნდა, ჩვენ ნიცშესეულ აქლემებად დავიბადეთ, თითქოს განვვითარდით მაგრამ ლომობასა და შემდეგ ბავშვობაზეც კი ლაპრაკი ზედმეტია. ჩვენ ისევ გვეუბნებიან ‘’შენ უნდა’’ და  ‘’მე მინდას’’ კი ვეღარ ვამბობთ…

ტრიერის იდიოტები არის ფილმი რომელმაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე რა მინდა?რა მინდა რომ ვაკეთო და რატომ? მინდა თუ არა შევასრულო საზოგადოების დაკვეთები და ჩამოვყალიბდე ყალიბში ისეთად როგორზედაც არის მოთხოვნა სოციუმში თუ მინდა რომ იქ ვიცხოვრო? პასუხი ფილმის დასასრულიდან კარენის გაცლაა ოჯახიდან, სოციუმიდან რომელიც ვეღარ მიიღებს მას ისეთს როგორიც არის, ანუ აზრი თანამოაზრეების ძებნასა და ერთგვარ სუბკულტურებშია? შეიძლება ცალსახად გავიგოთ რეჟისორის გამოსავალი  რომ ხსნა სუბკულტურებშია სადაც კონკრეტული იდეებით გაერთიანებული ადამიანები ქმნიან თავიანთ სოციუმს თავიანთი ღირებულებათა სისტემითა და ა.შ.

‘’დოგმა 95’’- ის მიხედვით გადაღებული ეს ფილმი უფრო რეალისტურია ვიდრე შეიძლება ყოფილიყო, ტიპური არტ ჰაუსის სტილში რომ გადაეღო ტრიერს. ჩემი აზრით ფასბინდერსა და ტრიერს შორის ბევრი საერთოა თუნდაც ესთეთიკისა და ჩრდილოური რეალიზმის გამო. მიუხედავად იმისა რომ ფილმში მუსიკა თითქმის არ ყვირის ის მაინც ძალიან ზუსტად და გააზრებულად არის შერჩეული, რაც მსახიობების თამაშსა და ფილმის იდეის ძებნის პროცესს უფრო გიიოლებს შესაბამისად მიზანიც მიღწეულია, ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად, აუცილებლად ფიქრდები და მიდიხარ აღმოჩენებზე.

‘’იდიოტები’’ არის ფილმი რომელიც ყველამ უნდა ნახოს და დაფიქრდეს, ტრიერი კიდევ არის რეჟსორი რომელიც ქმნის სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგბადს…

P.S მე არ ვარ კინომცოდნე უბრალოდ მოყვარული ვარ რომელსაც გამაჩნია საკუთარი აზრი 😉